ეროვნული ბანკი

თურნავა: სავალუტო ინტერვენციები ერთჯერადი ფაქტორების განეიტრალებითაა გამოწვეული

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი სავალუტო ინტერვენციები ერთჯერადი, მოკლევადიანი ფაქტორების განეიტრალებითაა გამოწვეული.

"ინტერვენციები ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვხედავთ რაიმე ერთჯერადი მოკლევადიანი ფაქტორის გავლენის რისკს ან გავლენას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შედარებით დიდი მერყეობა. კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად კეთდება ეს. 

[...] ერთჯერადი ფაქტორი იყო პოლიტიკური მოწოდებები სხვადასხვა მხრიდან, პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ ჩამოგვექცა საფინანსო სისტემა, ჩამოიქცა ეროვნული ბანკი და არიქა, გაიტანეთ დეპოზიტები. ეს მავნებლობა იყო, მინდა გითხრათ და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავანეიტრალოთ ასეთი ცრუ და მავნებლური მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე.

ასევე, [სავალუტო ინტერვენცია] უფრო მეტად შეიძლება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყოს გამოწვეული, როდესაც მსხვილი ტრანზაქციაა ბაზარზე ან დივიდენდებთან დაკავშირებული ან რაიმე სხვასთან, ამ დროს არ გვინდა, რომ ბაზარმა და ეკონომიკამ იგრძნოს მსხვილი რყევა, რომელიც რეალურად არ შეესაბამება ფუნდამენტური ფაქტორების მდგომარეობას". - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, როგორც მან თქვა, ეროვნული ბანკი მცურავი სავალუტო რეჟიმის დაცვის პოლიტიკის მიმართ ერთგული რჩება. 

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 ლარი იყო. 

ეს წლის მეექვსე აუქციონია. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამასთან, დაახლოებით ერთი კვირაა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს.

კომენტარები