პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საფრანგეთის საელჩო: საქართველოს მთავრობისგან რეფორმებზე ძალისხმევის კონცენტრირებას ველით

საფრანგეთის საელჩო საქართველოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი საქართველოს მთავრობისგან 12 პრიორიტეტის შესაბამისად რეფორმებზე კონცენტრირებას ელის.

"საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.

ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან". - ნათქვამია განცხადებაში.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვა 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. 

"თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განხილვაში მონაწილეობის მიღება სურს, მოვიწვევთ და მას ამის შესაძლებლობა ექნება". - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პარლამენტში მისვლას და იმპიჩმენტის პროცესის განხილვაზე დასწრებას აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს, რომ პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად, მე მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დაგდნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი". - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტიმბერს ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან ხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

კომენტარები