არჩევნები პოლონეთში

დათვლილია ხმების 99.96%, პოლონეთის მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 99.96%. შედეგები ცხადყოფს, რომ  მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. 

15 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა შეფასდა როგორც "უპრეცედენტოდ მაღალი".  ამომრჩეველთა ხმების 35.39% მმართველმა პარტიამ - კანონმა და სამართლიანობამ მიიღო, 30.68% - დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ, 14.41% - მესამე ძალამ, 8.61% - ახალმა მემარცხენეებმა, ხოლო 7.16% - კონფედერაციამ. სწორედ ამ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა საარჩევნო ბარიერი.

წინასწარი მონაცემებით, იაროსლავ კაჩინსკის კანონი და სამართლიანობა 460-ადგილიან სეიმში 196 მანდატს მიიღებს, დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა 158-ს, მესამე ძალა - 61-ს, ახალი მემარცხენეები 30-ს, ხოლო კონფედერაცია - 15-ს.

გარდა ამისა, სენატში ოპოზიცია ჯამში 65 ადგილს მიიღებს, ხოლო კანონი და სამართლიანობა - 34-ს.

მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა დიდი ალბათობით კოალიციას შექმნის მესამე გზასთან და ახალ მემარცხენეებთან.  ულტრამემარჯვენე კონფედერაცია კი, მოქმედი მმართველი გუნდის თანამოაზრედ მიიჩნევა.

Ipsos-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 15 ოქტომბრის არჩევნებზე PiS-მა ხმათა 36.8%, ხოლო სამოქალაქო კოალიციამ (KO) 31.8% აიღო.

კანონი და სამართლიანობა იაროსლავ კაჩინსკის ლიდერობით, უკვე 8 წელია, რაც პოლონეთს მართავს. მმართველი პარტიის პოლიტიკის კრიტიკოსების თქმით, 2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ PiS-მა პოლონეთის სასამართლო სისტემა და საზოგადოებრივი მედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია.

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

კომენტარები