NATO

სტოლტენბერგი: ისრაელში მიმდინარე პროცესები უკრაინის მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ისრაელზე სასტიკი ტერორისტული შეტევით. მაგრამ იმავე მზადყოფნითა და გამბედაობით ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას". – ამბობს სტოლტენბერგი DW-სთან ინტერვიუში.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მისი განცხადება "მხოლოდ სიტყვები არ არის და საქმითაც დასტურდება":

"ბოლო დღეებში NATO-მ უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. გერმანია ტყვია-წამალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. უკრაინას ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები დაეხმარება".

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები