PACE

ოცნებამ პუტინის არალეგიტიმურობაზე PACE-ის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

ქართულმა ოცნებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნონ, მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციას ხმა მისცა პარტია მოქალაქეების წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა, მმართველი პარტიის დეპუტატები სტრასბურგში გამართულ კენჭისყრას არ დაესწრნენ.

გამოცემა SOVA-ს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით PACE-ში ქართული ოცნების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ დელეგაციის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლონეთში 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და "სხვა საქმეები" ჰქონდათ.

"პირველ რიგში, არ ვაპირებ ჩვენი დელეგაციის პრიორიტეტების თქვენთან შეთანხმებას. მეორეც, საზოგადოების ავუხსენი და ვუთხარი, რომ ადრე, სხვადასხვა წლებში, PACE-ის სესიებზე სხვადასხვა შემადგენლობით ვიყავით, ამიტომ აქ არანაირი წინაპირობა არ არის. თუ რუსეთის ფედერაციასთან რაიმეს განვიხილავთ ან რამეზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ერთი ამოცანიდან გამომდინარეობს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების პოზიციების აღდგენა". - თქვა ჩიქოვანმა SOVA-ს ცნობით.

ამასთან ჩიქოვანს კითხეს არის თუ არა რუსეთი დიქტატურა, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთში "არის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის სრულფასოვან ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია მხარს არ უჭერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას - 2022 წელს ისინი არ შეუერთდნენ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების მოწოდებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომლითაც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი არალეგიტიმურ მმართველად ცნონ და ჰუმანიტარულის გარდა ყველა სახის კონტაქტი შეწყვიტონ, 13 ოქტომბერს მიიღო.

გარდა ამისა, PACE-მა მხარი დაუჭირა საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნასაც. ის ყირიმის ანექსიაში, დონბასის ომსა და 2014 წელს მალაიზიური Boeing MH17-ის ჩამოვარდნაში რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის როლს შეისწავლის.

2020 წელს რუსეთის კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, პუტინს ძალაუფლებაში დარჩენა 2036 წლამდე შეუძლია.

    კომენტარები