პარტია ლელო ქართული ოცნების მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების მხარდაჭერაზე უარის თქმას ეხმაურება. ლელოს განცხადებით, ეს დასტურია, რომ "დღეს საქართველოს მართავს კრემლის პოლიტიკურ მიზნებთან და რიტორიკასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პოლიტიკური გუნდი".
"ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დაესწრნენ კენჭისყრას და შესაბამისად არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ უარყოფს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ღიად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. თუკი აქამდე ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის საკითხზე ოპონენტებს ნიშნისმოგებით პასუხობდა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით აფიქსირებდა თავის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, პრო-რუსულმა რეჟიმმა დღეს უკვე არსებობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. პირველად ისტორიაში, ქართულმა ოცნებამ უკვე მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმის ფორმატშიც უარი განაცხადა რუსეთის საკითხზე სწორი და ადეკვატური პოზიციის დაფიქსირებაზე. ამ აქტით, საქართველო დგება ისეთი არადემოკრატიული, პრო-რუსი რეჟიმების რიგში, როგორიცაა ირანი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა". – ნათქვამია ლელოს განცხადებაში.
პარტია ასევე წერს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის მიუხედავად, ქართულ ოცნებას შეეძლო მხარი მხოლოდ რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებისთვის დაეჭირა, თუმცა მმართველმა პარტიამ "მორიგ ჯერზე შეგნებულად არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ტერორისტული რეჟიმის განაწყენებას გამოიწვევდა".
"ეს არის კიდევ ერთი, თუ არა ყველაზე მკაფიო, დასტური, რომ დღეს საქართველოს მართავს კრემლის პოლიტიკურ მიზნებთან და რიტორიკასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პოლიტიკური გუნდი, ვისი მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია, რუსეთის მაამებლური პოლიტიკის წარმოება, უკრაინის საკითხზე დუმილი და უმოქმედობა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასუსტება და მიჩქმალვა". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.
13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:
"ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)".