მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის

პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

სარჩელი საქალაქო სასამართლოში ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ შეიტანა. როგორც ის ამბობს, კობახიძემ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული.

"ჩვენთან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს. იქაც ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს და რაღაც ფულის გათეთრებაზე, ეხლა რეკეტში მონაწილეობის ბრალდებები, ამიტომ ჩვენ მივყვებით სასამართლოს გზით ამ ყველაფერს და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს.

სარჩელის მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას იგივე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ან იმ ფორმით რასაც სასამართლო დაადგენს - თქვა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.


10 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის Facebook პოსტს, სადაც ის პრემიერის იმპიჩმენტს მოითხოვდა - სპეკულაცია უწოდა, ხოლო ხაზარაძე ბიზნეს-რეკეტის საქმეში თანამონაწილედ მოიხსენია. 

"ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები