მამუკა მდინარაძე

ხაზარაძეს სურს საპარლამენტო ოპოზიციამ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სურს. ის ამ ინიციატივით ეხმაურება ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

"დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი...

თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს ხაზარაძე.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში წაიყვანა. 

"თვითმფრინავი მათია, Georgian Airways-ი ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერმინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა". - ამბობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თამაზ გაიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი 19 აგვისტოსვე უკან დაბრუნდა Georgian Airways-ის სხვა რეისით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად კი რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერმინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.


6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სტრატკომი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი სწავლობს აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 2022 წლის 17 დეკემბერს პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა თავისი შვილის ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

კომენტარები