NATO-ფინეთი

ნიინისტო: ფინეთი-ესტონეთის გაზსადენი, სავარაუდოდ, "გარე ქმედებების" შედეგად დაზიანდა

ფინეთის სასაზღვრო პოლიცია დაზიანებული მილსადენის ადგილმდებარეობას აკონტროლებს, 10 ოქტომბერი, 2023
The Finnish Border Guard

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში მდებარე ბუნებრივი აირისა და სატელეკომუნიკაციო სადენები, სავარაუდოდ, "გარე ქმედებების" შედეგად დაზიანდა. 

Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა.

საული ნიინისტოს თქმით, "ჯერჯერობით დაზიანების გამომწვევი მიზეზი არ დადგენილა, რადგან ფინეთისა და ესტონეთის თანამშრომლობით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს", თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული ფაქტი დივერსიული ქმედება იყო. 

ფინური ბუნებრივი აირის სისტემების მფლობელის Gasgrid-ის ინფორმაციით, ქვეყნების სისტემაში უჩვეულო ვარდნა 8 ოქტომბერს შეამჩნიეს, რის შემდეგაც გაზსადენებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტეს. 

ფინეთის მთავრობის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან კი გაირკვა, რომ ბუნებრივი აირის მილსადენთან ერთად, სატელეკომუნიკაციო კაბელიც დაზიანებულია.

ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Elisa-ს განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ზღვის კაბელი მწყობრიდან დაახლოებით იმავე დროს გამოვიდა, როცა ბუნებრივი აირის მილსადენებში წნევის ვარდა დაფიქსირდა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, იგი ფინეთის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა დაზიანებული ზღვისქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ და მოკავშირეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები