NATO-ფინეთი

ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ჯარების განთავსებას განიხილავენ – მედია

ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ჰელსინკი და ვაშინგტონი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ს ფინეთის სამხედრო ბაზების გამოყენების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინურ მედიაში ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე აღჭურვილობის განთავსებისა და ინფრასტრუქტურის აშენების საშუალებას მისცემს. შეთანხმების ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფინური მედიის თანახმად, შემოთავაზებული შეთანხმება აშშ-სა და ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმებების მსგავსი იქნება.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიკაელ ანტელმა დაადასტურა, რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან დეტალები არ გაამჟღავნა, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეუფერხებელ და სწრაფ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

კომენტარები