კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

წინა რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა – ვენეციის კომისია სასამართლო რეფორმაზე

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ახალ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. 

"კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიყვეს რეფორმის სტრატეგიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე". - აღნიშნავს ვენეციის კომისია თავის მოსაზრებაში. 

ამასთან, მოსაზრების დასკვნით ნაწილში ჩამოთვლილია კომისიის მიერ მიმდინარე წლის მარტში შემუშავებული რეკომენდაციები. 

"კომისიას სურს ხაზი გაუსვას პირველი საკვანძო რეკომენდაციის პრიორიტეტს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ანალოგიური მოთხოვნა დააწესა ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებასთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული 2023 წლის ივნისის ცვლილებებში და არც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას, მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას. კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით". - ნათქვამია ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მეორე ძირითადი რეკომენდაცია შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეთა გადაყვანის ან სხვა სასამართლოში მივლინებისას. ვენეციის კომისიის განმარტებით, ეს რეკომენდაციაც რჩება უცვლელი. 

"მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია.

მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ "პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. თუმცა, 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებების მიღების შემთხვევაში, ამ რეკომენდაციების საკმარისად შესატყვისი იქნება.

მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და შემდგომი შესწორება შეიძლება განხორციელდეს, რათა ცალსახად ითვალისწინებდეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გასაჩივრების შემდეგ მიიღეს". - აღნიშნავენ ვენეციის კომისიაში. 

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის ივნისისა და სექტემბრის ცვლილებები პროექტები არ ეხება სხვა რეკომენდაციებს, რომელთა შორისაა: "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის ასაკობრივი კრიტერიუმების გამკაცრება; ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი უზენაეს სასამართლოში წარდგენის პროცედურა; კანდიდატების ე.წ. "გადანაწილების" პროცედურაში კონკრეტული მოთხოვნების (მათ შორის, სპეციალიზაციის) დამატება; უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება".

"2023 წლის ივნისის ცვლილებები ეხებოდა შემდეგ რეკომენდაციებს: წევრის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების არგუმენტების შეზღუდვას; იმ მომენტის გარკვევას, როდესაც დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებულად უნდა ჩაითვალოს; სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის პროცედურის გამარტივებას". - ნათქვამია დოკუმენტში. 

კომისიის მოსაზრებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საკითხში ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

კომენტარები