კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

PACE "ოცნებას": საერთო სასამართლოებზე კანონის მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვეთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლები დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვონ.

საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოფხვრილიყო ის ხარვეზები, რაც ბოლო შერჩევის პროცესში გამოვლინდა. 

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის და ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას დაჟინებით მოვუწოდებთ, მოითხოვონ ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ კანონპროექტზე, სანამ მას მიიღებენ". – აღნიშნავს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე საპარლამენტო ასამბლეის ორივე თანამომხსენებელი.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო სექტორი და საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის ცნობით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები