კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

COE პარტიებს: ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე განიხილეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

bundeskanzlerin.de

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) განცხადებას ავრცელებენ ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის მიღების შესახებ, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

განცხადებაში თანამომხსენებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია შესრულდა, მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა ისეთი არსებითი მომენტები, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროების საკითხი.

"ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან მიმართებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა ამ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო.

მართალია, ვენეციის კომისიის წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია შესრულდა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროებას. ამ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვის ვალდებულება ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე". – აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებაში.

მომხსენებლები აპირებენ საქართველოში სტუმრობას ფაქტების შესასწავლად მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, თუ ამის საშუალება იქნება სანიტარიული ვითარებით. მომხსენებლები ასევე იმედოვნებენ, რომ დააკვირდებიან არჩევნებს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციის ფარგლებში.

30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის ახალი წესი დაამტკიცა.

დეპუტატ გიორგი კახიანის თქმით, მმართველი გუნდი ბოლო წუთამდე ელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და სწორედ ამიტომ ახალი კანონი ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

5 ოქტომბერს ევროკავშირი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესის მიღებას და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ახალი კანონის მიღებისას არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოითხოვა.

იქამდე კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლები დაჟინებით მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიღებამდე ვენეციის კომისიის დასკვნა მოეთხოვათ.

კომენტარები