ენმ

"ენმ-ის მეტი მხარდამჭერი ეწინააღმდეგება ახალ მენეჯმენტს" - მელია თანამოაზრეებს შეხვდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 7 ოქტომბერს თანამოაზრეებთან საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ გაცილებით მეტი ენმ-ის მხარდამჭერი ეწინააღმდეგება ახალ მენეჯმენტსა და არაფორმალურ მმართველს. მისივე თქმით, ისინი, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცეს, ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს.

"გაცილებით უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იმ იდეას, რომელსაც ეს ხალხი წლების განმავლობაში ემსახურება და აქვს კატეგორიული მიუღებლობა ახალი მენეჯმენტისადმი და არაფორმალური მმართველობისადმი. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე, მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა. 9 თვის განმავლობაში პარტიას ხლეჩენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაესხას წყალი და ეს მათ გამოუვიდათ. " - ამბობს მელია.

მელიას თქმით, ის და მისი თანამოაზრეები ყველანაირად ცდილობენ, რომ ერთობა შეინარჩუნონ.

"მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ შესაძლებელი გახდეს ყველა პარტნიორის ერთობა, ნაციონალური მოძრაობის პლატფორმაში ვინც კი სწორი ადამიანი არსებობს, თავი უნდა იგრძნოს მართალ ადამიანად და არ უნდა იგრძნოს არაფორმალური მმართველების მიერ მართულ ადამიანად”. - ამბობს მელია. 


მანამდე, ნიკა მელიამ კონსულტაციები დააანონსა. მისი თქმით, თბილისში ერთმანეთს თანამოაზრეები შეხვდებიან მთელი საქართველოდან და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. 

"ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის ერთმანეთისგან დაშორებული. მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში.

როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება". – თქვა მელიამ.

კომენტარები