დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

30-მდე აყვანილი ტყვე და ისრაელში შეღწევის მორიგი მცდელობები – ახალი ცნობები ისრაელიდან

კადრი ერთ-ერთი ვიდეოდან

სამხრეთ ისრაელში დაძაბულობა გრძელდება. ცნობები ძირითადად სოციალურ ქსელებში ვიდეოების სახით ვრცელდება. 

ახალ ვიდეოებსა და ფოტოებში კვლავ ჩანს ტყვედ აყვანილი და დახოცილი ებრაელი სამხედროების ცხედრების დამცირების ფაქტები. მძევლად აჰყავთ მშვიდობიანი პირებიც. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ოთხი ადამიანი, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი არასრულწლოვანია. ჩანაწერში მათ ტერორისტები დაკითხვას უწყობენ. ცნობების მიხედვით, მძევლად აყვანილია რამდენიმე ოჯახი ბავშვებით. გავრცელებული ცნობებით, ჰამასელები ირწმუნებიან, რომ მათ ტყვედ აიყვანეს 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი, პოლიციელი და ჯარისკაცი.

ისრაელის მედია ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ ისრალეის საზღვრიდან 20 კილომეტრში, ღაზის სექტორში მდებარე ოფაკიმის დასახლებაში ტერორისტებს მძევლები ჰყავთ გადაყვანილი. გავრცლეებული ცნობებით, აქ ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე ჰამასელი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ისრაელის მედია ავრცელებს ცნობას, რომ ღაზის სექტორის საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებაში, კიბუც-კფარ-აზაში იპოვეს ჩვილი, თუმცა მისი მშობლები არ ჩანან. ამ ქალაქში ტერორისტები, შესაძლოა, კვლავ რჩებოდნენ.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ პალესტინელი ტერორისტები ისრაელის რამდენიმე ტანკის ხელში ჩაგდებას.

კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, შეიარაღებული ტერორისტები კვლავ აგრძელებენ ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლას. ასევე გამოჩნდა კადრები, რომელშიც ტყვედ აყვანილ, დასისხლიანებულ ქალს ავტომობილიდან იყვანენ. როგორც ღია წყაროების ანალიტიკის გვერდები წერენ, ქალი სავარაუდოდ ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

 ისრაელის თავდაცვის ძალების რამდენიმე მოსამსახურე, როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ტყვედ აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყავთ ღაზაში ტერორისტებს ტყვედ აყვანილი ხანში შესული ქალი.

როგორც ღია წყაროების ანალიტიკოსები წერენ, ისრაელის ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის წინ, ასობით შეიარაღებული ტერორისტი რჩებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ტერიტორიის რამდენიმე საბრძოლო ზონად გაყოფასა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. ამავე ცნობებით, ტერორისტებმა სულ მცირე სამი სამხედრო მძიმე ავტომობილი ღაზის სექტორში გადაიყვანეს. სხვა წყაროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასელების წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდნენ შემდეგ ქალაქებში: კფარ აზაში სდეროთში, სუფაში, ნაჰალ ოზში, მაგენში, ბეერიში, ასევე რეიმის სამხედრო ბაზის მიდამოებში. ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ჰამასის რამდენიმე ობიექტზე, ვერტმფრენები კი საზღვარზე სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობენ. დარტყმებისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოიყენეს დრონებიც, როგორც ამას თავად აცხადებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობდა ავრცელებდა ცნობას, რომ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა, ცნობების მიხედვით, ხელში ჩაიგდეს ერეზის გამშვები პუნქტი, ზიქიმის სამხედრო ბაზის მახლობლად, მაგრამ ისრაელის არმია ამ ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობს. პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ქალაქ სდეროთში პოლიციის სადგურზე კონტროლი ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღადგინეს.

ისრაელში სამხედრო მოვლენების მონიტორინგის ანალიტიკური გვერდები აჯამებენ ინფორმაციას და წერენ, რომ ჰამასის ტერორისტები აკონტროლებენ ისრაელის, სულ მცირე, სამ კომუნას და რეიდი მოაწყვეს ორ სამხედრო ბაზაზე. თავდასხმები მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერიდან და ზღვიდან. პარალელურად, ჰამასმა გაავრცელა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ კვეთენ საზღვარს მათი ტერორისტები პარაპლანის მსგავსი, ძრავითა და პარაშუტით აწყობილი დანადგარებით. მსგავსი კადრები შეტევის დაწყების დროსაც გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

რამდენიმე გავრცელებულ კადრში გამოჩნდა როგორ დააზიანეს ტერორისტებმა ისრაელის ტანკი და თავდაცვის ძალების სასწრაფო დახმარების მანქანა დრონებიდან ჩამოგდებული ასაფეთქებლებით. გავრცელდა რამდენიმე ვიდეოც, რომელშიც პალესტინელები მწყობრიდან გამოსული ტანკებიდან ისრაელის დაღუპულ და დაშავებულ ტანკისტებს იყვანენ და შეურაცხყოფენ.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მძევლად არის აყვანილი რამდენიმე ქალი. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს მძევალი, რომელიც წყალს სვამს.

დაუდასტურებელი ცნობებით, ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენელიც. კერძოდ, სიღრმის კორპუსის (სპეციალური დანაყოფი, რომელიც ოპერაციებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ასრულებს) მეთაური, ნიმროდ ალონი. გავრცელდა ფოტო, რომელშიც, შესაძლოა, ტყვედ აყვანილი ალონი ტერორისტებს ღაზის სექტორში მიჰყავთ. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

პარალელურად, გრძელდება სარაკეტო იერიშები ღაზის სექტორიდან. ნასროლია, სულ მცირე, 2 500 რაკეტა. როგორც ჰამასი ირწმუნებოდა ისრაელის მიმართულებით, მათ 5 000 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის ტელევიზიის, მე-12 არხის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი და დაშავებულია 740.

პარალელურად, არსებობს საფრთხე, რომ ისრაელს თავს დაესხმებიან ლიბანის სამხრეთის ტერიტორიიდანაც, სადაც ძალაუფლება ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ხელშია. რადიკალურმა დაჯგუფებამ ისრაელს მოუწოდა, რომ მოვლენებიდან "გაკვეთილი ისწავლონ". მათ ღიად დაუჭირეს მხარი ჰამასის მოქმედებებს და თქვეს, რომ მათ ლიდერებთან კონტაქტი ჰქონდათ.


მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

კომენტარები