ოკუპირებული აფხაზეთი

EU–ის წარმომადგენლობა რუსულ ბაზაზე: უკანონოა, საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთის ბაზის ოჩამჩირეში განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა. 

“რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ”. - ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა ამბობს რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ხსენებულ გეგმებს განახორციელებს, ეს გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.  

“ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. - ნათქვამია განცხადებაში.

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო პორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებაც. დამატებით დეტალებზე საუბრისგან ბჟანიამ თავი შეიკავა. საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არც კრემლში გააკეთეს. მოვლენებს წინ უსწრებდა სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, ციკლონის შემოსვლა

კომენტარები