დონალდ ტრამპი

ტრამპი: მე მზად ვარ ცოტა ხნით წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გავხდე

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის მზადაა სამი თვით წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდეს და პირველი გადაყენებული სპიკერი - კევინ მაკკარტი შეცვალოს. ტრამპის თქმით, მისი სპიკერობა გახლეჩილ რესპუბლიკურ პარტიას გააერთიანებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ამის შესახებ Fox News-ის ეთერში ისაუბრა. 

დონალდ ტრამპმა ახსნა, რომ ის ამ პოზიციას მცირე დროით დაიკავებდა, სანამ რესპუბლიკურ პარტიაში შიდა დაძაბულობა აღმოიფხვრება და ამავდროულად, ამით სწრაფად დასრულდებოდა კევინ მაკკარტის სკამისთვის დაპირისპირებებიც. 

"მე მთხოვეს, რომ ჩავერთო, როგორც გამაერთიანებელი, რადგან კონგრესში ბევრი მეგობარი მყავს" - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ის გრძელვადიანად ამ პოზიციის დაკავებას არ განიხილავს, რადგან ის თავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 

დონალდ ტრამპი შემდეგ კვირას, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ პირველად, კაპიტოლიუმში მისვლას და რესპუბლიკური პარტიის წევრებთან საუბარს გეგმავს. 

ტრამპი უკვე ესაუბრა ჯიმ ჯორდანს, რომელიც აცხადებს საკუტარ კანიდიდატურას წარმომადგენელთა პალატის სპიკერობაზე და რომლის თქმითაც, მათ "არაჩვეულებრივი საუბარი ჰქონდათ". 

ჯიმ ჯორდანის გარდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სკამისთვის სტივ სკალიზი იბრძვის. 

კომენტარები