რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკვე მესამედ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ეს აჩვენებს გაერთიანების ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის შეთახნმებაში უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის, ის დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ სიახლეები გაგვაცნო. ჩვენ კი ევროკავშირში, ვმუშაობთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე, რომელსაც კიევი 2024-2027 წლებში მიიღებს, რადგან უკრაინას სჭირდება საიმედოობა და სიმტკიცე ფინანსური დახმარების მხრივ. როგორც მე ვხედავ აშშ-ში არსებულ სიტუაციას, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ამავდროულად, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ კვირის დასაწყისში კიევში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩასვლა პუტინისთვის განკუთვნილი ძლიერი მესიჯი იყო.

"ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავედით. ეს არის ძლიერი მესიჯი პუტინისთვის დუბლინიდან კიშინოვამდე, რომ ჩვენ არ შევეგუებით აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები