პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კოპალეიშვილი კობახიძეს: პროფესიული კვალიფიკაცია არ გყოფნის და ჩემზე ჭორაობ, სირცხვილია!

მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.

"ირაკლი, როცა პროფესიული კვალიფიკაცია არ გყოფნის და ჩემზე ტელევიზიებთან ჭორაობ, იქნებ საკუთარი თავისთვის მიგეხედა?! სირცხვილია!" – წერს კოპალეიშვილი Facebook-ზე.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ მედია საშუალებებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები გააკრიტიკა.

"სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებენ ამ ყელაფერს, უბრალოდ თავის მოჭრაა. [...] ეს არის სირცხვილი. ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. ელემენტარული უნარ-ჩვევების ტესტის ამბავია. [...] პრეზიდენტის ციტატის დადასტურება ვთხოვე და ამაზე აიჭრნენ. 10 წუთი ბუქსაობდნენ ერთ კითხვაზე". – თქვა ირაკლი კობახიძემ საიმპიჩმენტო სხდომის შემდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.       

კომენტარები