სომხეთი-რუსეთი

ზახაროვა: სომხეთის მთავრობა გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივ აზრს არ ითვალისწინებს

მარია ზახაროვა
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივ აზრს არ ითვალისწინებს.

ზახაროვას შეფასებით, სომხეთის ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი მოსახლეობას არჩევნების წინ დაჰპირდნენ.

"[სომხეთში] მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დღეს, არამედ ერის ისტორიის კონტექსტში. ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე, პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობის გარეშე". - თქვა ზახაროვამ.


სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი გაეგზავნება სომხეთის პრეზიდენტს და მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძალაში შევა. 

რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, დაადასტურა, რომ ერევანი რომის სტატუტს მიიღებდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.

კომენტარები