სომხეთი

სომხეთის პარლამენტში ICJ-ის რომის სტატუტი რატიფიცირებულია

სომხეთის პარლამენტის შენობა

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი გაეგზავნება სომხეთის პრეზიდენტს და მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძალაში შევა.

რატიფიცირებას მხარი 60-მდე დეპუტატმა დაუჭირა, 22 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო. ხმისმიცემისგან თავი არცერთ დეპუტატს შეუკავებია.

სტატუტის მიღების წინააღმდეგი იყო ორი ოპოზიციური პარტია, რომელთა კურსიც პრორუსულია.

რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება.

ოპოზიციურ ფრაქცია სომხეთში თქვეს, რომ რომის სტატუტის მიღება "ანტიკონსტიტუციურია", ხოლო რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა "მოცემულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში სავსეა მოულოდნელი შედეგებით".

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, დაადასტურა, რომ ერევანი რომის სტატუტს მიიღებდა.

"მთავრობამ პარლამენტს რომის სტატუსი დასამტკიცებლად გადასცა და ჩემი, ასევე ჩვენი ფრაქციის პოზიციის თანახმად სრულად რატიფიცირებული იქნება. ამ გადაწყვეტილებას სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია". – ამბობდა ფაშინიანი.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.

რომის სტატუტზე ხელი მოწერილი აქვს 137 ქვეყანას, აქედან რატიფიცირებულია მხოლოდ 120 სახელმწიფოში. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

კომენტარები