საქართველო-გერმანია

DW: გერმანია საქართველოსთან და 5 ქვეყანასთან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას განიხილავს

გერმანიის ფედერალური მთავრობა 6 ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ე.წ. მიგრაციული პარტნიორობის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას ითვალისწინებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, საქართველოს გარდა, ქვეყნები, რომლებთანაც გერმანიის მთავრობას ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი არიან. 

DW გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიის მოქალაქეებისგან თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებათა რაოდენობა 2018 წლიდან 2023 წლამდე, შესაბამისად, 140-დან 1 500-მდე გაიზარდა.

გერმანული გამოცემა ამავე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ, რადგან მათგან, ვისაც გერმანიამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, 10%-ზე მეტი სწორედ მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.

DW ასევე წერს, რომ 2023 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისგან გერმანიაში 7 405 განცხადება შევიდა, მოლდოვიდან კი - 2 124. როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს როგორც საქართველოს, ისე მოლდოვის მთავრობებმა.

გარდა ამისა Deutsche Welle წერს, რომ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ყირგიზეთთან და უზბეკეთთან გერმანიამ გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიზანი გერმანიაში არალეგალი ლტოლვილების რაოდენობის შემცირება და ამავდროულად, გერმანიაში ლეგალური იმიგრაციის შესაძლებლობის შექმნაა.

კომენტარები