პაკისტანი

პაკისტანი არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებისთვის ვადას 1 ნოემბრამდე აძლევს

Rizwan Tabassum/AFP/Getty Images

პაკისტანის ხელისუფლება არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებისთვის 1-თვიან ვადას აძლევს. მასობრივი დეპორტაციის გეგმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სარფრაზ ბუგტიმ 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბუგტის თქმით, თუ არალეგალ მიგრანტები, მათ შორის, 1.73 მილიონი ავღანეთის მოქალაქე, პაკისტანს 1 ნოემბრამდე არ დატოვებენ, მათი დეპორტაცია განხორციელდება.

გეგმის ფარგლებში ეროვნულ მონაცემთა ბაზას და სარეგისტრაციო ორგანოს დაევალა, დნმ ტესტირების საფუძველზე ამოიცნოს და შემდგომ გააუქმოს ყალბი პირადობის მოწმობები. დამატებით, მოხდება ყალბი დოკუმენტების მეშვეობით შეძენილი ქონების კონფისკაცია.

ბუგტიმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა იმ მოქალაქისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც პაკისტანში არალეგალურად მცხოვრებთათვის თავშესაფარს უზრუნველყოფს, მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდება.

ბუგტის თქმით, მასობრივი დეპორტაციის გეგმის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს ავღანეთის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებმაც "მიმდინარე წელს პაკისტანში მომხდარი 24 მასშტაბური ტერორისტული თავდასხმიდან 14 განახორციელეს".

"ავღანეთის მხრიდან ჩვენზე თავდასხმები ხორციელდება და ამ თავდასხმებში ავღანეთის მოქალაქეები მონაწილეობენ. ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს". - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 2022 წლის ბოლოსთვის, პაკისტანში 1.3 მილიონზე მეტი ავღანელი რეგისტრირებული ლტოლვილი, ხოლო 427 000 "ლტოლვილთა მსგავს სიტუაციებში" მყოფი ადამიანი ცხოვრობდა.

ავღანეთის ბევრმა მოქალაქემ მეზობელ ქვეყანას თავი 1979 წელს, თავიანთ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ შეაფარა. მიგრაციის კიდევ ერთი ტალღა 2021 წელს თალიბების მიერ ქაბულში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას უკავშირდება, რის შედეგადაც  პაკისტანის საზღვარი არასრული ან ყალბი საბუთების მქონე ათასობით ავღანელმა გადაკვეთა.

კომენტარები