რუსეთი-სლოვაკეთი

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდების გამო დაიბარა

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ რუსეთი 30 სექტემბრის სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი და 2 ოქტომბერს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა.

მიზეზი რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის, განცხადება გახდა, რასაც სლოვაკეთმა ქვეყნის საარჩევნო პროცესში "მიუღებელი ჩარევა" უწოდა.

ნარიშკინი განცხადებაში სლოვაკეთის პროდასავლურ პარტიას Progresivne Slovensko  აშშ-ის მარიონეტებად მოიხსენიებს და ამერიკას სლოვაკეთის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის მიხედვით, "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპელ მოკავშირეებს მისცა დავალება, რომ ადგილობრივი პოლიტიკური და ბიზნეს წრეების ლობირებით სლოვაკეთის არჩევნები ამერიკელებისთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო (რედ. Progresivne Slovensko-ს გამარჯვებით)".

ნარიშკინის განცხადებას სლოვაკეთში სიცრუე და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდეს: "ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მიგვაჩნია სლოვაკეთის საარჩევნო პროცესში მიუღებელ ჩარევად. სლოვაკეთი, რომელიც არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო, საკუთარ მოქალაქეებს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გარანტიას აძლევს".

რუსეთის საელჩომ სლოვაკეთში უარყო სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებები: "სლოვაკეთის ამჟამინდელი მოკავშირეებისგან გასხვავებით, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ "ფერადი რევოლუციების" მეშვეობით რეჟიმების ცვლილებაში" - ეწერა რუსეთის საგარეო სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი: "აშშ სხვა ქვეყნების არჩევნებში მხარეებს არ ირჩევს", რასაც დაამატა, რომ "ამერიკა გააგრძელებს იმ მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც სლოვაკეთის მოსახლეობამ აირჩია".


30 სექტემბერს სლოვაკეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე პარტიამ Smer - SD ხმების 23% აიღო, ხოლო Progresivne Slovensko-მ - 17%. ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ უკვე დაავალა ფიცოს ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.

კოალიციური მთავრობის წარმატებით ჩამოყალიბების შემთხვევაში რობერტ ფიცო მეოთხე ვადით გახდება სლოვაკეთის პრემიერმინისტრი.

რობერტ ფიცო საარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

კომენტარები