პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: პრეზიდენტისგან ვისურვებდით მისი აქ მობრძანებით განსხვავებულ დამოკიდებულებას

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირკალი კობახიძემ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ისურვებდა განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ.

"მე არ მინდა მაინცდამაინც განვავრცო ის დისკუსია, რომელიც წარიმართა პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით განსხვავებულ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რაც იქნებოდა გამოხატული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქ მობრძანებით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის ჩემი, როგორც იურისტი პოზიცია, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიცია და ამ პოზიციას ვახმოვანებ ხალხის მიერ არჩეული 80 პარლამენტის წევრის სახელით. ეს იქნებოდა სასურველი ევროპული დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ". - თქვა კობახიძემ.

განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1-ელ სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

კომენტარები