საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი კარვებზე კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს

საქართველოს პარლამენტი კარვებზე კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს, 2 ოქტომბერს დარეგისტრიდა და ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მმართველი გუნდის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ არის საჭირო, რომ მისი განცხადებით, ამ საკითხის გადადება და უგულებელყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი დარტყმაა.

ქართული ოცნების ინიციატივით, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება. ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".

პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე არიან.

ისინი ცვლილებების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ასახელებენ.

"საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია კანონპროექტში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია CANVAS - საქართველოს დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

2 ოქტომბერს სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS საქართველოს წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

კომენტარები