მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევი: დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქა დგება. ამის შესახებ ალიევმა 74-ე საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესის გახსნაზე ისაუბრა.

"დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ. ეს ჩვენი აზრია. თანამშრომლობა, ორმხრივად მომგებიანი პროექტები, ორმხრივი სარგებელი – ამ ყველაფერს დღეს ვაჩვენებთ". - თქვა ალიევმა.

ამავდროულად, ალიევიეს თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოცდილება ძალიან უნიკალური და განუმეორებელი მოვლენაა, რადგან აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი და აღადგინა საერთაშორისო სამართალი.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. დღეისათვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე ჩავიდა 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

კომენტარები