რუსული ოკუპაცია

რასაც სააკაშვილი აფხაზეთს სთავაზობს, არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლას ნიშნავს – ჩხეიძე

ტაბულა

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აფხაზეთზე განცხადებას "უკიდურესად შემაშფოთებელს" უწოდებს. მისი შეფასებით, საერთო სახელმწიფო, რასაც სააკაშვილი აფხაზეთს სთავაზობს, არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლას ნიშნავს. ისტორიკოსი წერს, რომ მას, როგორც ერთ მოქალაქეს, ძალიან შეეშინდებოდა ისეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა, ვინც ფაქტობრივად კონფედერაციაზე საუბრობს. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ კონფედერაცია ყველაზე დიდი საფრთხეა, რადგან ეს საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენულ ქვეყნად აღიარებას ნიშნავს.  27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთს "სრულიად ახალ მომავალს" სთავაზობს - აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფოს, ოფიციალურ ენას, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსს, პარლამენტის ზედა პალატაში კვოტებს საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში.

თამარ ჩხეიძის შეფასებას სრულად გთავაზობთ:

"რას ნიშნავს საერთო სახელმწიფო, აფხაზეთის და საქართველოს, როგორც ორი სხვადასხვა ქვეყნის ხსენება, თბილისის, როგორც დედაქალაქის უარყოფა და ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატაში თანაბარი წარმომადგენლობა? ეს ხომ ორსუბიექტიანი კონფედერაციაა, ორი სხვადასხვა სუვერენული ქვეყნისგან შემდგარი; და ეს რას ნიშნავს? ყველაზე მთავარს - თქვენს მიერ წარმატებით წარმოებული და მთელი მსოფლიოს მიერ გატარებული არაღიარების პოლიტიკის, თქვენი საყვარელი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ჩამოშლას, გარდაუვალს და ავტომატურს, რადგანაც თუ თავად საქართველო აღიარებს აფხაზეთს სუვერენულ ქვეყნად, რა საერთო კავშირიც არ უნდა დაიდოს ამ ორ ქვეყანას შორის, ამას მერე მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს პირობითი და სახელშეკრულებო ურთიერთობაა და არა უპირობო ერთიანობა და ქვეყნის განუყოფლობა. ასეთი ორ თანასწორუფლებიანი სუბიექტის გაერთიანებიდან ნებისმიერ დროს შესაძლოა გასვლა და ეს უფლება თავად საქართველოს თუ ექნება აღიარებული, სხვამ რა უნდა ქნას?

დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი იმ სახით, რომლითაც დღეს არსებობს, სულ მალე აღარ იქნება, მაგრამ იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ის სამუდამოდ მოიშლის იმპერიულ სწრაფვებს, მისთვის ისტორიულად დამახასიათებელ მტაცებლურ ბუნებას და აბრამის ბატკნად გადაიქცევა?! მაგრამ ეს საფრთხეც რომ არ იყოს, საქართველოს განუყოფელი ნაწილი ჩვენივე ხელმოწერით ვაქციოთ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ჩვენთან სახელშეკრულებო, თანასწორუფლებიან პირობით კავშირს ქმნის, ან როცა აღარ უნდა, სრულიად ლეგალურად გადის ამ ერთიანობიდან?

 თქვენი, როგორცპოლიტიკური პატიმრის, მით უფრო პუტინის პატიმრის მიმართ შეფასება და უსამართლო პატიმრობიდან დაუყოვნებელი განთავისუფლების მოთხოვნა, ცხადია, უპირობოა, ისევე როგორც თქვენი მმართველობის მნიშვნელოვანი დადებითი მხარეების აღიარება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური ძალის მიმართ, აფხაზეთის საკითხი პირველხარისხოვანია და მე, როგორც ერთ მოქალაქეს, ძალიან შემეშინდებოდა ისეთი პოლიტიკური ძალის თუ პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლა, ვინც ფაქტობრივად კონფედერაციაზე საუბრობს.

კონფედერაცია ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემუქროს, რადგან ეს აფხაზეთის საქართველოს მიერ სუვერენულ ქვეყნად აღიარებას ნიშნავს და რა ერთიანობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ეს პირიქით, მისი ჩამოშორების იურიდიული გაფორმებაა.

ძალიან გამეხარდება,თუ ეს ყველაფერი გაუგებრობა აღმოჩნდება. თქვენგან ნამდვილად არ მოველოდი წლების წინ ე.წ. გრეჩიხას მიერ ე.წ მე-5 საკნიდან გამოცხადებული ანალოგიური იდეის მოსმენას და ზაქარეიშვილის გეგმის გაზიარებას" - წერს თამარ ჩხეიძე.


სოხუმის დაცემის დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთს სთავაზობს:  

  1. აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფოს - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში;
  2. საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალური ენები იქნება - აფხაზური და ქართული;
  3. პირველადი ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში - ათი მილიარდი დოლარის ოდენობით;
  4. მთელი აფხაზეთი იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა - განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით;
  5. საქართველოს პარლამენტის ზედა პალატაში აფხაზეთის თანასწორი წარმომადგენლობა - კვოტები აფხაზეთისთვის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში.

პატარაია: სააკაშვილის აფხაზეთზე განცხადება მკრეხელობა და დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა

კომენტარები