რუსული ოკუპაცია

პატარაია: სააკაშვილის აფხაზეთზე განცხადება მკრეხელობა და დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აფხაზეთზე განცხადებას "სრულ კატასტროფად" აფასებს. მისი თქმით, 27 სექტემბერს, აფხაზეთის ოკუპაციის 30 წლისთავზე ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა გამოაცხადა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთს "სრულიად ახალ მომავალს" სთავაზობს - აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფოს, ოფიციალურ ენას, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსს, პარლამენტის ზედა პალატაში კვოტებს საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში.

"[სააკაშვილის განცხადებით] საქართველო არ იქნება ერთიანი, განუყოფელი სახელმწიფო, არამედ იქნება აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფო (ჩეხოსლოვაკია, ზანზიბარი). შესაბამისად, ენგურს იქით საქართველო არ იქნება, იქნება აფხაზეთი. ამ სავარაუდო სახელმწიფოს არ ერქმევა საქართველო, არამედ მის მხოლოდ ერთ ნაწილს. პარლამენტის ზედა პალატაში იქნება ამ ორი ერთეულის თანაბარი წარმომადგენლობა. შესაბამისად, აფხაზეთს ექნება ვეტოს უფლება საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაში (შედარებისთვის: ამას მოითხოვდა რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკისათვის, უკრაინის დასავლური ორიენტაციის, დასავლური პოლიტიკური კურსის დასაბლოკად, ნატოსა და ევროკავშირზე უარის სათქმელად, რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად). უკვე არაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე.

სააკაშვილი ამას უკვე მეორედ აცხადებს. შესაბამისად, რაიმე შეცდომა, გვერდის ადმინისტრატორის თვითნებობა ან "ჩადება“ გამორიცხულია, პატიმრობითაც ვერასგზით გამართლდება. ეს არის წარმოუდგენელი მკრეხელობა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უმძიმესი შეურაცხყოფა, დარჩენილთა დაცინვა და აბუჩად აგდება, ქართული საზოგადობის, მომავალი თაობის მორალური განადგურება. ამ ფონზე არ მიკვირს, რომ მას ერთხელაც არ დაუძრავს სიტყვა აფხაზეთში ქართველების გენოციდზე.

27 სექტემბერს, აფხაზეთის ოკუპაციის 30 წლისთავზე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. "ლიზას“ ტრიუმფალური სვლა გრძელდება" - წერს პატარაია.


სოხუმის დაცემის დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთს სთავაზობს:  

  1. აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფოს - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში;
  2. საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალური ენები იქნება - აფხაზური და ქართული;
  3. პირველადი ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში - ათი მილიარდი დოლარის ოდენობით;
  4. მთელი აფხაზეთი იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა - განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით;
  5. საქართველოს პარლამენტის ზედა პალატაში აფხაზეთის თანასწორი წარმომადგენლობა - კვოტები აფხაზეთისთვის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში.

კომენტარები