თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: მტკიცებულებები წარვადგინეთ, რომ წინასწარ დაგეგმილი იყო ეს გენოციდი

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობის ფანჯარა, რაც უკრაინამ შექმნა თავისი თავგანწირული ბრძოლით და შევძლოთ რუსეთის შეფასება იმ ყველაფერში, რაც 90-იან წლებში საქართველოში, კონკრეტულად აფხაზეთში, დატრიალდა, რისი მტკიცებულებები არსებობს.

ჩვენი კამპანიის ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავაცნოთ გამოძიების შედეგები: იდენტიფიცირებულია 14 რუსი მაღალჩინოსანი, აქედან ნაწილი დღეს უკრაინაში იბრძვის, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმ ბანდებს აფხაზეთის ომის დროს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ქართველების გენოციდი. 

მტკიცებულებები წარვადგინეთ, რომ წინასწარ დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, იმთავითვე ბრძანებები იყო გაცემული ქართველების გაჟლეტვის მოთხოვნით. ქალი, ბავშვი, მოხუცი ყველა უნდა მოეკლათ. ეთნიკური წმენდა კი არ იყო, რომ იქ შევიდა ვიღაც და უთხრა, რომ ეთნიკურად ქართველებს დაეტოვებინათ ტერიტორია, პირდაპირ ანადგურებდნენ მათ და ამიტომ მოუწიათ წამოსვლა.

ეს უნდა შეფასდეს თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ ამოცანებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. გარდა ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი 300 000 თანამოქალაქისთვის, რომლებიც ერთგვარად მივიწყებული მსხვერპლის როლში არიან და დღეს, როცა უყურებენ უკრაინასთან დასავლეთის თანადგომას, ალბათ ფიქრობენ, კი მაგრამ, ეს ხომ ჩვენც გადავიტანეთ და ჩვენზე რატომ არ ხდება ეს ამბავი?

ჩვენ, ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, გადავწყვიტეთ, რომ ქართველი მსხვერპლიც მოვაქციოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასავლეთის დედაქალაქებში გავიტანოთ. სავარუდოდ, 2024 წელს ჩვენ შევძლებთ და დისკუსიას დავძრავთ [დასავლეთის] პარლამენტებში.

ბუნებრივია, იმისთვის, რომ საბოლოოდ გაფორმდეს ეს ყველაფერი, ჩვენ გვჭირდება პატრიოტი რეჟიმი იმიტომ, რომ რეალურად ახლა ამას მე კი არ უნდა ვაკეთებდე და გიგა ბოკერია, არამედ ამას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ის უნდა დარბოდეს დასავლეთის დედაქალაქებში რუსეთის როლის შეფასების მოთხოვნით, მაგრამ პუტინისტი მთავრობა გვყავს.

მიუხედავად ამისა, სიტუაცია იმდენად ცალსახა და შავ-თეთრია ცივილიზებულ სამყაროში, რომ ოპოზიციურ პარტიასაც კი შეუძლია განსხვავების შეტანა ამ მიმართულებით და მგონია, რომ ჩვენ ოპოზიციიდანაც შევძლებთ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას იმისთვის, რომ როცა რეჟიმს შევცვლით და პატრიოტი, გონიერი, კვალიფიცირებული ხელისუფლება მოვა, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

დღეს, 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

კომენტარები