აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

აშშ-ს ისტორიაში პირველად, მოქმედი პრეზიდენტი პიკეტს შეუერთდა

ჯო ბაიდენი პიკეტის ხაზში დგას და რუპორის საშუალებით გაფიცულებს მიმართავს, მიჩიგანი, აშშ, 2023 წლის 26 სექტემბერი.
Evan Vucci/AP

26 სექტემბერს ჯო ბაიდენმა მიჩიგანში გაფიცული მუშების პროტესტს მხარი დაუჭირა და აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, ვინც პიკეტს შეუერთდა.

ბაიდენმა დაახლოებით ნახევარი საათი Willow Run-ის ნაწილების სადისტრიბუციო საწყობში გაატარა, სადაც მას პროფკავშირის, საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების (UAW) პრეზიდენტი, შონ ფეინი შეუერთდა. ბაიდენი და ფეინი პრეზიდენტის ლიმუზინით პიკეტის ხაზზე მივიდნენ, სადაც მოქმედი პრეზიდენტი დემონსტრანტებს შეუერთდა, ხელში რუპორი აიღო და გაფიცულ თანამშრომლებს სიტყვითაც მიმართა.

ბაიდენის თქმით, გაფიცულები იმსახურებენ ხელფასის "მნიშვნელოვან ზრდას და სხვა შეღავათებს". მანვე დასძინა, რომ მათი დამსაქმებლების მსგავსად, მუშებიც "წარმოუდგენლად კარგად" უნდა გრძნობდნენ თავს.

სექტემბრის დასაწყისში UAW-იმ, საავტომობილო მრეწველობის მუშათა პროფკავშირმა, Ford-ის, General Motors-ისა და Stellantis-ის წინააღმდეგ მიმართული გაფიცვა დაიწყო. მანქანის სამი ძირითადი მწარმოებლისგან დასაქმებულები ანაზღაურების 40%-იან ზრდასა და უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ.

მანქანების მწარმოებლებსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას უარყოფს თეთრი სახლი, რომელიც 2022 წელს რკინიგზის მუშათა შრომითი დავის გადაწყვეტაში აქტიურად იყო ჩართული. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენის ვიზიტი მხოლოდ დასაქმებულთათვის მხარდაჭერის ჩვენებას ისახავდა მიზნად და საკითხი "UAW-ისა და დიდ სამეულს შორის" უნდა გადაწყდეს

ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს, 27 სექტემბერს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მეორე დებატების გამოტოვებას და სანაცვლოდ მიჩიგანში პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარებას აპირებს.

"უნამუსო ჯო ბაიდენს საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების მონახულების სურვილი არ გასჩენია მანამ, სანამ არ გამოვაცხადე, რომ მათთან მიჩიგანში ჩასვლას ვაპირებდი". - დაწერა ტრამპმა.

ბაიდენისა და ტრამპის ვიზიტები მიჩიგანში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გამოძახილია. შტატში ე.წ. "ცისფერსაყელოიანების", ანუ საწარმოო მუშების ხმებს დიდი წონა აქვს. შესაბამისად მნიშვნელოვანია UAW-ის მხარდაჭერაც. 2020 წელს ამ პროფკავშირმა მხარი ბაიდენს დაუჭირა, თუმცა, ჯერ უცნობია ვის მიემხრობა გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში.

2016 წელს დამარცხების შემდეგ, 2020 წელს შტატში არჩევნები მცირე უპირატესობით სწორედ დემოკრატმა კანდიდატმა მოიგო.

კომენტარები