კულტურის სამინისტრო

კონსერვატორიაში საარჩევნო პროცესი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა – სამინისტრო

თეა წულუკიანი
იმედი

კულტურის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას. უწყების მტკიცებით, "საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა". 

"სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა" - წერია განცხადებაში.


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ კულტურის მინისტრის ბრძანების "დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე"  რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. კერძოდ, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 2023 წლის 10 ოქტომბერს იყო დანიშნული.

20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა. 

მეორე დღეს კულტურის მინისტრის ამ განცხადებას კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხარვეზი სისტემაშია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება.

"კონსერაკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერდა ნანა შარიქაძე.

კომენტარები