კულტურის სამინისტრო

გიგაშვილი: ხვალ კონსერვატორიასთან მოდით ყველა, კულტურის სამინისტრომ არჩევნები გააუქმა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი კულტურის მინისტრის ბრძანების გამო თბილისის კონსერვატორიასთან აქციას აანონსებს. კერძოდ, თეა წულუკიანმა გააუქმა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა. თბილისის კონსერვატორიის ცნობით, მინისტრის ბრძანების "დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა".

გიორგი გიგაშვილის თქმით, "ადვილად რომ ვთქვათ, წულუკიანი დასვამს რექტორს კონსერვატორიაში".

"გააუქმეს რექტორის არჩევნები. მავნებელი, ბოროტი და უსირცხვილო კულტურის სამინისტრო.

ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10). ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია. 

დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ" - წერს გიგაშვილი.

თბილისის კონსერვატორიაში არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული - რექტორი კონსერვატორიის საბჭოს უნდა აერჩია. 


20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა. 

მეორე დღეს კულტურის მინისტრის ამ განცხადებას კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხარვეზი სისტემაშია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება.

"კონსერაკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერდა ნანა შარიქაძე.

კომენტარები