ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლაზარე გრიგორიადისს

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ის მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პარტიებმა ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს. ოჯახური კონფლიქტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა. მარტის აქციებმა ქართული ოცნების რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალგაზრდა თაობაში მუხტი ისევ შიშის დათესვით ჩააქროს. თაობაში, რომელიც რუსეთში ცხოვრებას არასდროს შეეგუება.

სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას გამოიტანეს. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად ქართული ოცნების ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა". - წერია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

ლაზარე გრიგორიადისი საკუთარი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაუკვალიფიცირდა. 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით გრიგორიადისს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, სასამართლოზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები