პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედება ნიუ-იორკში, საბავშვო ბაღში აღმოჩენილი ნარკოტიკების გავრცელებაში, რასაც ფენტანილის ზემოქმედებით 1 წლის ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.
ბაგა-ბაღის მფლობელს, 36 წლის გრეი მენდესსა და 41 წლის აღმზრდელს, კარლისტო აკევედო ბრიტოსს ფედერალური სასჯელი ემუქრებათ ნარკოტიკების ფლობისა და გავრცელების გამო, რასაც ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.
მენდესის ადვოკატმა თქვა, რომ მისი კლიენტი ბრალდებას უარყოფს და მან არ იცოდა, რომ საბავშვო ბაღში ნარკოტიკები ინახებოდა.
38 წლის რენი ანტონიო პარა პარედესი კი მესამე ადამიანია, რომელიც ნიკოლას დომინიკის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.
პროკურორების თქმით, პარედესის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებიც ნარკოტიკების მოსამზადებლად გამოიყენებოდა, მათ შორის, იყო ციფრული სასწორები და შესაფუთი პაკეტები.
პოლიციის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ საბავშვო ბაღში აღმოჩენილ ნარკოტიკებს აწერია "წითელი განთიადი", ხოლო ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას, ასევე აღმოჩენილია მსგავსი შეფუთვა წარწერით „წითელი განთიადი“.
პოლიცია კვლავ ეძებს საბავშვო ბაღის მეპატრონის ქმარს, რომელიც პოლიციის მოსვლამდე, დიდი ჩანთებით მიმავალი კამერაში შენიშნეს.
22 სექტემბერს ნიუ-იორკის პოლიციამ საბავშვო ბაღის შესასვლელში დამალული დიდი რაოდენობით ფენტანილი და სხვა ნარკოტიკების შეკვრები აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, ამ რაოდენობით ნარკოტიკს 500 000 ადამიანის მოკვლა შეეძლო.
1 წლის ნიკოლას დომინიკს საძინებელ ოთახში ხალიჩაზე დაეძინა, რომლის ქვემოთ ფენტანილის და სხვა ნარკოტიკების მარაგები იყო დამალული. ნიკოლას დომინიკი ფენტანილის უმცირესი დოზით გარდაიცვალა, საბავშვო ბაღიდან კიდევ 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვების შარდის ანალიზში ფენტანილის შემცველობა დაფიქსირდა.
საბავშვო ბაღის მფლობელის, გრეი მენდესის და აღმზრდელის, კარლისტო აკევედო ბრიტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ნიუ-იორკის პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს მფლობელის ქმარს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სათვალთვალო ჩანაწერებში ჩანს, რომ საბავშვო ბაღის მფლობელმა რამდენჯერმე დაურეკა თავის ქმარს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ბავშვების მოწამვლის ნიშნები. მენდესმა ასევე დაკავებამდე მობილური ტელეფონიდან წაშალა 20 000 მესიჯი.