დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ნიუ–იორკში საბავშვო ბაღის საძინებელში ფენტანილი აღმოაჩინეს, გარდაიცვალა 2 წლის ბიჭი

NYPD

ნიუ-იორკის პოლიციამ საბავშვო ბაღის შესასვლელში დამალული დიდი რაოდენობით ფენტანილი და სხვა ნარკოტიკების შეკვრები აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, ამ რაოდენობით ნარკოტიკს 500 000 ადამიანის მოკვლა შეეძლო. 

2 წლის ნიკოლას დომინიკს საძინებელ ოთახში ხალიჩაზე დაეძინა, რომლის ქვემოთ ფენტანილის და სხვა ნარკოტიკების მარაგები იყო დამალული. ნიკოლას დომინიკი ფენტანილის უმცირესი დოზით გარდაიცვალა, საბავშვო ბაღიდან კიდევ 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვების შარდის ანალიზში ფენტანილის შემცველობა დაფიქსირდა. 

საბავშვო ბაღის მფლობელის, გრეი მენდესის და აღმზრდელის, კარლისტო აკევედო ბრიტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ნიუ-იორკის პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს მფლობელის ქმარს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სათვალთვალო ჩანაწერებში ჩანს, რომ საბავშვო ბაღის მფლობელმა რამდენჯერმე დაურეკა თავის ქმარს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ბავშვების მოწამვლის ნიშნები. მენდესმა ასევე დაკავებამდე მობილური ტელეფონიდან წაშალა 20 000 მესიჯი. 

"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეჭვმიტანილებმა მოწამლეს ოთხი ბავშვი და მოკლეს ერთი, რადგან ისინი ნარკოტიკების არალეგალურ ბიზნესს მართავდნენ საბავშვო ბაღიდან" - თქვა მანჰეტენის პროკურორმა დემიენ უილიამსმა. 

კომენტარები