დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შემოსავლების სამსახური: უცხო ქვეყნის მოქალაქე 8.1 კგ მარიხუანას შემოტანას ცდილობდა

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა შსს-სთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყანაში დიდი ოდენობით მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 18 იანვარს, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8.1 კილოგრამი მარიხუანა გამოვლინდა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ს.რ. დააკავა.

"რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა", - აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

​უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა, სადაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები