სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

რუსეთმა ICC-ის ხელმძღვანელები ძებნილებად გამოაცხადა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი, პიოტრ ჰოფმანსკი
Koen van Weel/ANP/AFP via Getty Images

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტი, პიოტრ ჰოფმანსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რის გამო გამოცხადდა ჰოფმანსკიზე ძებნა, თუმცა რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ ის "სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის საფუძველზე იძებნება".

სასამართლოს პრეზიდენტთან ერთად, რუსეთში ძებნა გამოცხადდა ICC-ის ვიცეპრეზიდენტზე, ლუზ დელ კარმენ იბანეს კარანსაზე და მოსამართლე ბერტნარ შმიტზე.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

მოსკოვმა პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ICC-ის პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნით უპასუხა. რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული ჰააგის სასამართლოს რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის, ბრიტანელი პროკურორი კარიმ ხანი და მოსამართლეები, ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.

კომენტარები