სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

აშშ-მ ICC-ის ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა

გოჩა ლორთქიფანიძე

18 დეკემბერს აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეს, მათ შორის საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრ, გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა.

ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის კამპანიის ბოლო ნაბიჯი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელი-ჰამასის ომში ისრაელის ქმედებების გამოძიებაში არიან ჩართულნი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა საქართველოს მოქალაქე გოჩა ლორთქიფანიძესა და მონღოლეთის მოქალაქე ერდენებელსურენ დამდინს, რადგან ისინი "ისრაელის თანხმობის გარეშე პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ICC-ის მცდელობებში, გამოეძიებინა, დაეკავებინა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებინა ისრაელის მოქალაქეებისთვის, მათ შორის - სასამართლოში 15 დეკემბერს ისრაელის საჩივრის წინააღმდეგ უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილების მხარდაჭერაში".

15 დეკემბერს ICC-მ ისრაელის სარჩელი უარყო, რომელიც ღაზაში მისი სავარაუდო დანაშაულების მიმდინარე გამოძიების შეჩერებას ითხოვდა.

სანქციების დაწესების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ICC-მ დაგმო ახალი სანქციები და მათ "მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აშკარა თავდასხმა" უწოდა.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ICC-ის მათი ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება არ გააჩნია.

"ჩვენ არ მოვითმენთ ICC-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფუძვლოდ აქცევს აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეებს ICC-ის იურისდიქციის ქვეშ" - განაცხადა რუბიომ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩვენ გავაგრძელებთ პასუხის გაცემას მნიშვნელოვანი და რეალური შედეგებით ICC-ის სამართლებრივი ინსტრუმენტებით წარმოებულ ომზე და უფლებამოსილების გადაჭარბებაზე" - თქვა მან.

ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წლის 19 დეკემბერს აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

ICC-ში მოსამართლეობამდე გოჩა ლორთქიფანიძე 2020-2021 წლებში გიორგი გახარიასა და ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.

მანამდე, 1991-2005 წლებში გოჩა ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში მუშაობდა. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2012 წლიდან კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

კომენტარები