მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

5 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი გრანადაში შეხვდებიან

5 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გრანადაში შეხვდებიან. ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ადასტურებს.

გრიგორიანი თავად ბრიუსელში მიემგზავრება, რომ შეხვედრის დეტალები შეათანხმოს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

ფაშინიანის თქმით გრენადას შეხვედრაზე აზერბაიჯანთან მშვიდობას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა წლის ბოლომდე დაისადგურებს.


19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს. 

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ.

კომენტარები