ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი ნიგერიდან ელჩს გაიწვევს და მასთან სამხედრო თანამშრომლობას შეწყვეტს.
"საფრანგეთმა გადაწყვიტა თავისი ელჩის გაყვანა. უახლოეს საათებში ჩვენი ელჩი და რამდენიმე დიპლომატი საფრანგეთში დაბრუნდებიან". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ სამხედრო თანამშრომლობა დასრულებულია და საფრანგეთის ჯარები ქვეყანას მომავალ თვეებში დატოვებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ის ნიგერის ყოფილ პრეზიდენტს, მოჰამედ ბაზუმს კვლავ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად გადატრიალების ლიდერებს პატიმრობაში ჰყავთ.
მაკრონის აზრით, სწორედ ბაზუმი იყო ამ სახელმწიფო გადატრიალების სამიზნე, რადგან, როგორც თავად ამბობს, ის გაბედულ რეფორმებს ახორციელებდა, ხოლო რაც შეეხება გადატრიალებას, საფრანგეთის პრეზიდენტი მას ეთნიკურ ანგარიშსწორებად და პოლიტიკურ სიმხდალედ აფასებს.
ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს და ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი დააკავეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.
2020 წლიდან დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში რვა გადატრიალება მოხდა. ბოლო გადატრიალება გაბონში 30 აგვისტოს მოაწყვეს, როცა სამხედროებმა საზღვრები ჩაკეტეს და არჩევნების შედეგები უარყვეს.