მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანელებმა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ბაზას დაარტყეს – ომის მხარდამჭერი ბლოგერები

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა ჩანაწერი, რომელზეც ირწმუნებიან, რომ ასახულია მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ბაზის იარაღის საცავზე მიტანილი იერიშის შედეგი.

რუსმა Z-ბლოგერმა, ალექსანდრ კოცმა, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, თქვა, რომ საცავზე იერიში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიიტანეს. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია. არც კადრების სიყალბე დადასტურებულა. ირწმუნებიან, რომ ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, მაგრამ ზუსტი დრო და ადგილი ნათქვამი არაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩანაწერზე კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია სამშვიდობოების ბაზაზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

20 სექტემბერს გავრცელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად ყარაბაღში მათი სამშვიდობო კონტინგენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ავტომობილში მსხდომი სამხედროები დაიღუპნენ. მათ შორის იყო რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, 1-ელი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი, რომელიც ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის მოადგილეც იყო. როგორც რუსული მხარე წერდა, შემთხვევას ჯამში 4 სამშვიდობო ემსხვერპლა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დააკავეს აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებმაც რუსულ კონტინგენტს სავარაუდოდ ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაურეკა და შემთხვევის გამო ბოდიში მოუხადა. დაღუპულთა შვილებს ის მატერიალურ დახმარებას დაჰპირდა.

ამას გარდა, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში გასულ დღეებში თქვეს, რომ სომხური ფორმირებების წევრებმა ცეცხლი გაუხსნენ რუსი სამშვიდობოების მანქანას, რის შედეგადაც კიდევ ერთი სამხედრო მოკვდა.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყარაბაღში სიტუაცია ჯერჯერობით კვლავ დაძაბულია და სრული სტაბილიზაციის ნიშნები არ იკვეთება.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები