პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კალაძე ზურაბიშვილზე: პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობასა და მოსახლეობას

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს.

"მიზანმიმართულად მიმდინარეობს იმის ხელშეწყობა და წახალისება, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს - ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს, პირველია, ვინც მას არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობასა და საქართველოს მოსახლეობას. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი შედეგი ექნება". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს Instagram-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გაავრცელა, სადაც ის შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმყოფება.

იქამდე, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და 6 სექტემბერს, პარიზში პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მაკრონთან საქართველოს მომავალ ევროპულ კანდიდატურაზე სასარგებლო საუბარი შედგა.

ასევე, 1 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, 31 აგვისტოს კი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უარი უთხრა. ქართული ოცნების განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები