დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს არანაირ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში არანაირ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ

"სამწუხაროდ, არ მოვაწერთ ხელს, რადგან თუ დოკუმენტის ხელს მოვაწერთ, ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის დაბალანსებულ ინტერესებს და მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მას." - თქვა ფაშინიანმა

სომხეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მათი პრიორიტეტი მშვიდობაა და სურს, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ზავს ხელიკ რაც შეიძლება მალე მოაწერონ.

"მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა, მაგალითად, ძალიან მინდა გითხრათ, რომ კი, დოკუმენტს გრანადაში მოვაწერთ ხელს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერა. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს და ჩვენს პრობლემას გადავწყვეტთ." - თქვა პრემიერმინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში არსებული დაძაბულობა და გამძაფრებული ჰუმანიტარული კრიზისი უარყოფითად აისახება სამშვიდობო პროცესზე.

მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის 5 ოქტომბერს ესპანეთში, გრანადაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით გაიმართებოდა.

პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

"ჩვენ ასეთი რამ შევთავაზეთ. სხვა სიტყვებით, მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი: მოდი, შევხვდოთ და ერთად განვიხილოთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მოცემული მომენტისთვის შეთავაზებაზე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია". - თქვა ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოთხმხრივი შეხვედრის გამართვის ინიციატივის მიზანია, ამ საკითხთან დაკავშირებით იმ ქვეყნებმა აწარმოონ მოლაპარაკებები, რომლებიც მასთან უშუალო შემხებლობაში არიან და არა ქვეყნებმა, რომლებსაც ყარაბაღთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

კომენტარები