კახა კალაძე

უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან? – კალაძე NATO-ს "ერთ ადგილთან" დაკავშირებულ განცხადებაზე

ქართული ოცნება

"თქვენ რა იგულისხმეთ აბა?" - უპასუხა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იგულისხმა სიტყვებით: "თუ რაიმეს თავი და ერთი ადგილი გაქვთ, საქართველო NATO-ს წევრი გახადეთ". 

"უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან? ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის NATO-ს გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი". - აღნიშნა კალაძემ.

გუშინ, 13 სექტემბერს კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

"ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას დაიცავს, არის NATO-ს წევრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება - მზად ვართ, ბატონო. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა. არ გვინდა ეს ღია კარი. თუ რაიმეს თავი და ერთი ადგილი გაქვთ, გადაწყვეტილება მიიღეთ და საქართველო NATO-ს წევრი გახადეთ".

კომენტარები