გაერთიანებული სამეფო

საგარეო: გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. საგარეო უწყების განცხადებით, "გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო", გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს შემოღებული.

"დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). ამ კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა“, – აღნიშნავს სამინისტრო.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად მოწინავე ადგილებს იკავებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს ბოროტად იყენებენ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისთვის  ვიზის ქონის აუცილებლობა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრების ფაქტებს შეამცირებს.

კომენტარები