გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში დაგეგმილი პროირანული მარში აკრძალა

გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ განაცხადა, რომ პროირანული მსვლელობა, რომელიც კვირას ლონდონში უნდა გამართულიყო, აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად უწყებამ პროირანული პროტესტის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების შესაძლებლობა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ირანისგან მომდინარე საფრთხე დაასახელა.

ლონდონის ცენტრში Al Quds-ის მსვლელობა ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორი არის Islamic Human Rights Commission, რომელიც პოლიციის განცხადებით ირანის რეჟიმს უჭერს მხარს.

Reuters აღნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოში პროტესტის აკრძალვის სამართლებრივი ზღვარი მაღალია და პოლიციის თქმით, ამ უფლებამოსილების გამოყენება ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, თუმცა მასშტაბური არეულობის რისკი "იმდენად სერიოზულია", რომ მარშის აკრძალვა სწორად მიიჩნიეს. აკრძალვა ასევე მსვლელობის ნებისმიერ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციასაც ეხება.

პოლიციის განცხადებით, წინა წლებში ჩატარებულ Al Quds-ის მსვლელობებზე მომიტინგეები ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ანტისემიტური სიძულვილის დანაშაულების გამო დააკავეს. ასევე აღნიშნეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, მათ წინ "რთული და პოტენციურად ძალადობრივი შაბათ-კვირა" ელით.

კომენტარები