BBC-ს დათვლით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს, ლეიბორისტული პარტიის, სულ მცირე, 72-მა პარლამენტარმა მოუწოდა გადადგომისკენ. ლეიბორისტულ პარტიას 403 მანდატი აქვს, შესაბამისად, ეს ლეიბორისტი პარლამენტარების, დაახლოებით, 17%-ს შეადგენს.
გადადგომის შესაძლებლობას ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, შაბანა მაჰმუდი და პრემიერმინისტრს მოუწოდა, დაეგეგმა მისი გადადგომის გრაფიკი.
სტარმერმა 6 მინისტრის თანაშემწე ჩაანაცვლა, მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ მოუწოდეს პრემიერმინისტრს გადადგომისკენ.
მოწოდებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ლეიბორისტმა პარლამენტარმა, კეტრინ ვესტმა განაცხადა, რომ ის აგროვებს იმ პარლამენტარების სახელებს, რომლებიც სტარმერს მოუწოდებენ, სექტემბრამდე თანამდებობა დატოვოს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის "რეფორმების პარტია" მნიშვნელოვნად დაწინაურდა, ხოლო მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ სერიოზულად გაუარესებული შედეგი აჩვენა, რამაც პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მმართველობის უნართან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
8 მაისს გამოცხადებულმა შედეგებმა პირველადმა აჩვენა, რომ ფარაჟის პარტიამ 600-ზე მეტი ადგილი მოიპოვა, ხოლო ლეიბორისტებმა 450-ზე მეტი დაკარგეს. ცუდი შედეგი ჰქონდა კონსერვატორების პარტიასაც, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ბრიტანულ პოლიტიკაში დომინირებდა და ლეიბორისტებთან ერთად ქვეყანაში ფაქტობრივად ორპარტიული სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. კონსერვატორებმა თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის 300 ადგილი დაკარგეს.




