საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: თუ ვინმე 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად იქნება, ეს საქართველოა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის ყველაზე მეტად მზად საქართველო იქნება.

"ასე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ეს განცხადება ცოტა ზოგადი იყო. ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო. იმიტომ, რომ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომელთაც სტატუსი 12-18 წლის წინ აქვთ მიღებული. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, აქ ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს სხვა საქმეა. როდესაც ქვეყანა 18 წლის წინ ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ შეიძლება, 7 წელში გახდეს ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, ან ახლო მომავალში მიიღებს [...] ზოგადად, კონკრეტული თარიღის დასახელება არ არის ცუდი და პირიქით, ეს კარგია. მაგრამ, დაზუსტება სჭირდება იმას, თუ ვისზე ვრცელდება ეს თარიღი. მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც სტატუსი 12-18 წლის წინ მიიღეს, თუ ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც შარშან მიიღეს სტატუსი, ან წელს უნდა მიიღონ [...] რეალურად, ამ ქვეყნებს შორის, ყველა ქვეყანაზე მაქვს საუბარი: მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია - ამ ქვეყნებს შორის, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მათ შორის, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ ამ კუთხით ყველაზე სწრაფი ზრდა გვაქვს. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო. პირველ რიგში, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს საქართველო იქნება". - თქვა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება და აქედან გამომდინარე, სტატუსის მიღების შანსები 50/50-ზეა.

"ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით ხელშესახები პროგრესი გვაქვს. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება. ყველანაირი საფუძველი იქნება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის 50/50-ზეა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ". - ამბობს კობახიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

კომენტარები