ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დავაკავეთ, მათგან 36 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავეს, რომელთაგან, მათივე განცხადებით, 36 ნარკორეალიზატორია.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან: საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ირანის, ეგვიპტის, ნიგერიის, იემენისა და იორდანიის მოქალაქეები. მათ ბრალად ნარკოტიკების უკანონოდ გასაღება და გასაღების მცდელობა ედებათ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელდა ნარკოტიკების
საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მეტადონი, ბუპრენორფინი, ალფა პვპ, ლირიკა, კეტამინი, მეტამფეტამინი, LSD, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებული პირები ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის
მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც
შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით
დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები